Monday 31 August 2015

სვანეთი

მაშ ასე, სვანეთში მივდივართ. თუ თბილისიდან მანქანით დააპირებთ წასვლას, მოემზადეთ (მაქსიმუმ) რვა საათიანი მგზავრობისთვის,  თუ არსად შეივლით და ზუგდიდამდე სწრაფად ივლით, შეიძლება, ერთი საათი დაზოგოთ.

ზუგდიდიდან უხვევთ ჯვარისკენ, სოფელია ეგეთი. დაახლოებით 40 კილომეტრში მიხვალთ „ენგურჰესთან“. აუცილებლად უნდა ჩამოხტეთ ცოტა ხნით, უუუზარმაზარი შაბიამნისფერი წყალსაცავი. 


სხვათაშორის, „ენგურჰესი“ მეორე ადგილზეა მსოფლიოს ყველაზე მაღალ თაღოვან კაშხალებს შორის. ჩვენ არ გაგვიმართლა, წყალგამშვები ჩაკეტილი იყო, მაგრამ უმაგისოდაც მოვიხიბლეთ. :)

უმეცარნი რომ ამბობენ, მესტიაში ყველაფერს ცეცხლი უკიდია და ჯობია სურსათ-სანოვაგით და სხვა რამე-რუმეებით წინასწარ დაიტვირთოთო, სულაც არაა ეგრე (მთლად ეგრე)! საკვების ყიდვას 50 თეთრიანი ან 1 ლარიანი წაგებით შეძლებთ. ამაზე მერე.  

ზუგდიდიდან სამ საათში მესტიაში ხართ. 


პირველ რიგში დაბინავებაზე თუ იფიქრებთ, ერთი „გესთჰაუსი“ ვიცით, „სეტი“, ქალაქის შუაგულში რომ სკვერია, იმის წინ. ლამაზადაა მოხატული, თვალი შეგიტყუებთ. შიგნით ჩვეულებრივი, ჰოსტელის მსგავსი ოთახებია, საერთო, რამდენიმე კაბინიანი სველი წერტილებით და კაცზე 20 ლარი. ღამე მშვიდად დაძინების (სამ საათამდე მაინც) იმედი ნუ გექნებათ. „სეტის“ დაბლა ღია კაფეა, ომახიანი საუბრებით და ცეკვა-სიმღერით. 




საოჯახო სასტუმროებს გირჩევდით, 15 ლარად მოგათავსებენ ისეთ ოთახში, სოფლეში რომ საპატიო სტუმრად ჩაგთვლიან და „ზალაში“ გაგამწესებენ სულით და გულით. მშვენივრად გვეძინა. ისე, სასტუმროებიცაა, კაცზე 40 ლარი, ყველაფერი თქვენს განკარგულებაში იქნება.

თუ ბუნების წიაღში ძილი გირჩევნიათ, ჯადოსნური საკარვე  ადგილი მიგვასწავლეს პოლიციელებმა, აეროპორტთან სანამ მიხვალთ, 500 მეტრში მარჯვნივ ჩასახვევია, ჯოჯოხეთური გზა, მაგრამ მოკლე. ნაკადულის პირას, ხეებით და კოცონის დანთების (მერე უთუოდ ჩაქრობის) სრული უფლებით. მანდაც გავათენეთ, კარგი იყო.




მესტიაში ხო ბევრი კოშკია, მარა ერთს ეძახიან სვანურ კოშკს. :დ შესვლა ფასიანია (2 ლარი). მანდ ხის მორყეული კიბეებით აბობღდებით.


 თავი რაღაც საშიში შოუები როა, მანდ გეგონებათ. სართულ-სართულ სხვადასხვა ცხოველების ძვლები ყრია. ეგ, მგონი, ვიზუალური ეფექტისთვის. :)




სახურავზე აძვრებით და იქიდან მთელი მესტია თქვენია. ღამითაც კარგია. 












მესტიაში ერთი კაფე ამოვიჩემეთ. „უშბა“ ქვია. ძალიან იაფად და გემრიელად ისაუზმებთ, ისადილებთ და ა.შ. აუცილებლად დააგემოვნეთ სვანური "თაშ მუჯაბი". ყველიანი პიურე (ანუ, სვანური ელარჯი).


მჟავე წყლების მოყვარულები თუ ბრძანდებით, მინერალების ჭავლი გელოდებათ მესტიის შუაგულში, პარკში. კიდე, აეროპორტისკენ გზაზე. ყველა მიგასწავლით.




ახლა თვალის და გულის გასახარი ადგილების ამბებს მოგიყვებით. თავიდან მუზეუმს ესტუმრეთ. ორშაბათობით არ მუშაობს, სხვა სამუშაო დღეებში 10-დან 6-მდე. ეგეთ მუზეუმში არ ვყოფილვარ. ისეთი კი არაა, მარტო კაუჭები და მჭრელი ქვები როა გამოფენილი დიდი ამბით, მანდ ნახავთ ისეთ ნივთებს, მარტო სვანებს რო ექნებოდათ. :) თოვლში საჭრაჭუნო „რკინის ქალამნები“, „ცოდვის ქვები“, უძველესი ფოლიანტები, საკრავები და იარაღი. ეს ყველაფერი 5 ლარი გიჯდებათ.










მუზეუმის გზითვე ახვალთ ჰაწვალში. 




ხომ გეგონებათ, რომ ეგეთი სილამაზე ბევრი არ გინახავთ, მარა იქიდან რომ საბაგიროთი ზურულდზე ახვალთ, ამ გაფიქრებისთვის ბოდიშს მოიხდით. ზურულდი - 2347 მეტრზე ზღვის დონიდან. უშბასაც ხედავ, თეთნულდსაც და საერთოდ, ტრუალებ, ტრუალებ და ყველგან მთებია ჩაგრაგნილი.




 აი, ზურულდზე რომ კაფე-რესტორანია ამავე სახელწოდების, იქიდან კიდევ ზევით ფეხით ასვლით ბევრს ვერაფერს მოიგებთ. თითქმის იგივე ხედია, ოდნავ უფრო ახლოს ჩანს ყველაფერი, მაგრამ მაგით ტკბობის თავი აღარ გექნებათ, თუ არ დაიშლით, წყალი წაიღეთ და აღმართ-აღმართ სული მოითქვით. ეს, რა თქმა უნდა, ზაფხულში. ზამთარში, ალბათ, ვერც ახვალთ მანდ. 







ზურულდში კაფე რომ ვახსენეთ, მანდ ყავის მირთმევა შეგიძლიათ 3-5 ლარად. სხვა არაფერი გაგვისინჯავს. 

ზურულდიდან ჰაწვალისკენ ისევ საბაგიროთი რომ დაეშვებით, ნელი და მშვიდი ფრენის 15 წუთიანი ბედნიერება თქვენია.




აუცილებლად უნდა წახვიდეთ ჭალაადში. მესტიიდან  10 კმ სამანქანო გზაა, ცუდი გზა. მერე გადახვალთ ხის ფარღალალა ხიდს და ფეხით ტყე-ტყე. ძნელად სავალი გზა არ არის, აი მერე რომ გახვალთ ქვე-ლოდიან ველზე, მანდ ნახავთ ფეხის ამობრუნების და ხტუნვით სიარულის ამბებს. 


და უცებ თქვენ წინ მყინვარი გადაიშლება. 

მთა რომ გგონია, მიწას გადაფხიკავ და ყინულია.






იმ „მთიდან“ მდინარე გამოდის, ქვას ხეთქვას, ისეთი. მანდაც ის ეფექტია, გულს რომ აჩერებს. ცივა კიდეც, ძვლების დამფშვნელი ქარი იცის და კიდევ ქვათაცვენას უნდა მოერიდოთ. 

ვიღაცას დაუმკვიდრებია ტრადიცია, ქვის კოშკურების აშენების. ჩვენც ავაშენეთ და შთამომავლობას დავუტოვეთ.



არ გაგიკვირდებათ, მაგრამ მაინც ვთქვათ, ტურისტების სინაკლებეს არ უჩივის არცერთი კუთხე-კუნჭული. ჩვეული თავაზიანობით და უშუალო ღიმილით გზაზე გადაყრები და „ჰელოუ“-ები.

თეთნულდს (ყინულის დედოფალს ნიშნავსო) შეეპოტინეთ. მესტიიდან, დაახლოებით, 25 კმ-მდე. 15 კმ კარგი გზაა, უგვირის ბოლო წერტილამდე. უღელტეხილისთვის დამახასიათებელი თავბრუსხვევებით. მერე ბეტონის ფილები წყდება და მოტკეპნილ-მიწიან გზაზე ივლით ბოლომდე. კარგა მოზრდილ გორაზე აბობღდებით და უზარმაზარი სივრცის შეგრძნობით ფილტვები გებერებათ. მანდ ძალიან ცივა. 3035 მეტრის ნიშნულიდან ზევით ავედით და ლოგიკურიცაა.







უშგული - როგორც ადგილობრივმა ქალბატონმა გვითხრა, უშიშარ გულს ნიშნავს.  ყველაზე მაგარი ადგილია სვანეთში. მართლა ყველაზე! აქაური კოშკები ტურისტებისთვის თავის მოსაწონებლად არ არის გაპრანჭული. ჩვეულებრივ, ეზოებში დგას და შიგნით ხალხი (ან საქონელი) ცხოვრობს. აი, მანდ იგრძნობთ მთელი სვანეთის ეგზოტიკას. 







აუცილებლად ნახეთ სალოცავი „ლამარია“. 




სადმე ახლო-მახლო შეგიძლიათ ჩამოსხდეთ და კუბდარი მიირთვათ. ჩვენ გესთჰაუს „ედელვაისს“ გირჩევთ. ხიდზე როგორც კი გადახვალთ, მარჯვნივ. ყველაზე მაგარი ხედით, უშგული - ხელისგულზე, გარშემო მთები, ფეხი რომ აგექავებათ, ისეთი ასაბობღებელი ადგილები. 





ცხენით გასეირნებაც „ეზ იუ ვიშ“. 


უგემრიელესი კუბდარიც, ნივრის გემო თუ არ გეზედმეტებათ. :)

რისარმნახავმა თვალებმა ქორულდის ტბების და ბეჩოს ჩანჩქერის ნახვა ვერ მოასწრეს. მომავალი წელიც ხო უნდა გეხალისებოდეს და თან ამ ჯერზე too much love will kill you...


დაბოლოს, თუ თქვენი მანქანა ჩვენი „გენასავით“ ყოჩაღია და დანგრეულ გზებზე სიარული არ გზარავთ, უშგულიდან ქვემო სვანეთისკენ შეგიძლიათ ჩააჭრათ, ზაგაროს უღელტეხილზე გადახრიგინებით და ულამაზესი ხედების თვალიერებით. 







ასე, 4 საათში ლენტეხში ხართ, ძალიან დაღლილები და თვალშისაცემად  ბედნიერები. :)