Wednesday 3 June 2015

გორელოვკა - შაბიამნისფერი სახლების სოფელი

они борятся с собственными духами,
Поэтому их называют духоборами.
/Николай Сухоруков/


 აჩიკოს წასვლა არ უნდა.  ერთი-ორი ცისფრად შეღებილი სახლის გამოო. მეზარებაო. მაინც წავედით. ქართულად მოლაპარაკეებს, ზოგი ღიმილით, ზოგი უხეშად გვპასუხობს. გზის გაგნებას ვცდილობთ.
ყოველ ნაბიჯზე ვაჩერებთ, რომ დუხობორების სალოცავამდე გზა გავიგნოთ. პატრული გვაჩერებს, „ურემნოდ რატომ მიგყავსო პასაჟირი“. მოხატული სახლების თვალიერებამ ისე გაგვართო, ღვედი ვიღას ახსოვდა. ზოგადად, აქ ქართულად ვერ, ან ძნელად ლაპარაკობენ. ავუხსენით, რომ დუხობორების სალოცავს ვეძებდით. ზედმიწევნით გამოგვკითხა საცხოვრებელი მისამართი და მიზეზები, რამ გადმოგვაგდო აქეთ. სტუმრები ხართ და გაპატიებთო. 50 ლარი დაგვიზოგა. გზაც მიგვასწავლა
.
სალოცავის ჭიშკართან პატარა ეზოა, თეთრი ქვებით გაკვალული პატარა ბილიკებით. ყვავილების.


ეზოში თეთრწვერებიანი კაცი მუშაობს. ნიკოლაი სუხრუკოვი. ერთადერთი მომვლელი კარ-მიდამოსი. გაუხარდა. ლაპარაკს მოწყურებული, ხან რას გვიყვებოდა, ხან რას. სომხები ცხოვრობენო აქ უმეტესად. ხშირად იცვლიან საცხოვრებელ ადგილს, ამიტომ აქაურობის შეყვარებას ვერ ასწრებენ და ამიტომ არც უვლიანო. დუხობორები აქა-იქღა შემორჩნენო. მუზეუმის გაკეთებას ვგეგმავო, მერე, რომ ჩამოხვალთ, მოქარგულ ტანსაცმელებს ჩაგაცმევთ და სურათებს გადაიღებთო.



ადამიანის სახე ყვავილს გავსო. ყვავილს კიდე ლამაზი ქოთანი სჭირდებაო, ამიტომ ტანსაცმლის საყელოს ფერადი ყვავილებით ვქარგავთო. ყვავილებს კი მთელი მონდომებით უვლიან. ფანჯრის რაფაზეც და ხის კარებზეც ყვავილებია.








ცისფერი ღმერთის ფერიაო.

სამყურის ყვავილების სამკურნალო თვისებებზე გვიყვება. თეთრი ყვავილები ქალურ პრობლემებს შველისო, ვარდისფერი - კაცებისთვისააო.

ღმერთი ვინ შექმნაო, აჩიკოს მიუბრუნდა. რაღაც მახეაო, აჩიკო ფიქრობს, დაიბნა. “მა-მარიამმაო“. იმან არაო. დრომ შექმნა ღმერთიო. შენც დრო შეგქმნისო. ნათიასაც, სოფოსაც, მეცო. თან, ღმერთი არც ცაში და არც ეკლესიაში არაა, აი, აქ ცხოვრობსო და გულზე დაიდო მიწიანი ხელი.



შაბიამნისფერი სახლის პატარა ფანჯრები, თეთრ-ვარდისფერ ყვავილებიანი დარაბებით, ხასხასა მოლი და სახურავებზე ამოსული ბალახი. სითბოს აკავებსო. წყალს არ ატარებსო.



ქუჩაში კიდე, მაღალი ბოძების თავზე წეროების ბუდეებს ნახავთ. წერო არა, ყარყატებიაო. წერო ჯობია.





ამ სოფლიდან კიდე წეროები არ მიფრინავენ... შორს.

Tuesday 2 June 2015

ხეებთან ახლოს

A ship is safe in harbor,
but that’s not what ships are for…

სულ მგონია, რომ ქალაქები გვანან დიდ ატრაქციონებს. ჭყრიალით რომ ბრუნავენ და გულის გამაწვრილებელი ხმა და სიჭრელე გონების დაკარგვამდე გღლის.
ჩვენ კიდე, ყოველ დილას, ფართხა-ფურთხით გამოვრბივართ სახლებიდან, აფუებულები, გამოუძინებლები, საკუთარი თავისთვის დაძალებული ენერგიულობით და ვსხდებით ამ ატრაქციონში.

მერე მეორდება ყველაფერი. სულ ყველაფერი. კადრები, მოძრაობები, სიტყვები. „გამარჯობა“, „რანაირი ამინდია“, „ყავის გარეშე ვერაფრით ვფხიზლდები“, „გუშინ იყო ხელფასი და უკვე აღარ მაქ“, „რა მაგარია, გიხდება ძაან!“.

ატრაქციონი სულ მუშაობს. ყველაფერში პატარა კარუსელებია. შინ, შენს ოთახში, სამზარეულოში, ქუჩაში, ქალაქში. რუტინა.

როცა სადმე მივდივართ, მანქანის ძრავის ხმაზე აჩიკოს ჩემი ნათქვამი კარგად არ ესმის, ამიტომ, ძირითადად, ჩემ თავს ველაპარაკები ხოლმე, გულში. ამ რამდენიმე დღის წინ კი ისეთი „აღმოჩენა“ გავაკეთე, რომ მსმენელად ჩემი თავი მეცოტავა და მასაც გავუმხილე. უბრალოდ, უცებ მივხვდი, რომ როგორც ყველას, შიგადაშიგ მეც მიმძაფრდება სიკეთის სურვილი, - გააკეთო, უთხრა, მოიფიქრო რაღაც ამბავი, რომელიც იქნება სავსე ძალიან დიდი სიყვარულით, ანუ, ჩაუდო ხელისგულში პატარა თბილი ვარსკვლავი და არაფერს არ დაელოდო, ისე წახვიდე. ზურგი გაგითბოს იმის აბრჭყვიალებულმა თვალებმა. ვინც არ უნდა იყოს, და, მამა, მეგობარი, ქუჩის მაწანწალა.
ჩემი „აღმოჩენა“ კი იმაში მდგომარეობს, რომ მსგავსი სურვილი ყოველთვის მხოლოდ მაშინ მიჩნდება, როცა ხეებს ვუყურებ, მწვანედ დაბურულ გზაზე მივდივარ, ბალახის სირბილეს ვგრძნობ ფეხქვეშ, ან მთებზე შეფენილ ნაძვებს გავხედავ ხოლმე და ვცდილობ, ხარბად შევისუნთქო ოდნავ მომწარო სუნი.

ამ პოსტის მიზანი არ არის ვინმეს ცხოვრების სტილის გაქილიკება, უბრალოდ, ხანდახან მინდა დამაჯერებლად ავხსნა, რომ სახლზე ზრუნვას, ავეჯის შეძენას, ჭურჭლის განახლებას, კედლის სიგანის ტელევიზორით ინტერიერის შევსებას, უახლესი ტექნიკის კვალდაკვალ სირბილს ხომ არ ჯობია, უქმე დღეებში, დილაადრიან ჩავიცვათ მსუბუქად, ჭრელად, ჩავხტეთ ძველ, დაქექილ კედებში, ჩავიგდოთ ზურგჩანთაში ორი ნაჭერი ყველი და პური და გავცდეთ ქალაქს, რომელიც ჩვენი გაღვიძებისთანავე იწყებს ხრიალ-ზრიალით იმ დიდი ატრაქციონის ამუშავებას, წეღან რომ გიყვებოდით.

გავიხადოთ ცხოვრების წესად ბუნებასთან სიახლოვე. ხეების მოვლა, დარგვა. მოგზაურობა, ან უბრალოდ, გასვლა ქალაქიდან ორი თუ ოცი კილომეტრის მოშორებით.



გამჭვირვალე, ჯანმრთელი ჰაერის, დიდი და პატარა ხეების, ცივი და ბრკიალა მდინარეების და ტბების შემყურეს, იქნებ აღარ დაგვრჩეს დრო სხვების ცხოვრებაზე ფიქრისთვის, მათ ჩაცმულობაზე და აზროვნებაზე ქირქილისთვის, იქნებ უფრო ხშირად მოგვეძალოს სურვილი, რაც შეიძლება მეტ ადამიანს ვაჩუქოთ პატარა, კეთილი ამბები, ჩავუდოთ თბილი ვარკსვლავები ხელისგულში.