Monday 19 March 2018

"ჩვენ ქარი წაგვიღებს"

ძნელია ასეთი ამბების მოყოლა, თუ არ მიედ-მოედე.თვალებში მიყურებს. მერე ხელებზე. ისევ თვალებში. მე კი ეს ღილი მომწონს. ბავშვობაში ჩემ საყვარელ ჯემპრს ეკერა. მერიდება, ვკითხო, მხოლოდ ამ ერთს ყიდის, თუ საჩვენებლად უდევს და დანარჩენებს სადმე დაჟანგულ კოლოფში ინახავს.- 5 თეთრიო.მაღვიძარა არ მინდა? ლარად.ჩუმად ვამბობ: "არ მინდა".აღარ ჩამეკითხება. - მიხვდება.



ეს კოვზები. ლამბაქები, სამურაბე. ყველაფერი ბებიას სახლიდან გამოზიდეს თითქოს. დაბზარულები. დავიწყებულები.
ეს ფინჯანი. იოდისფერი პიონები ახატია. როგორც ჩვენსას. მაშინ.
გუშინ დედის დღე იყო. გაბზარულ საწვენეში ანთია 3 მარტი.





ზოგი თუნუქით გადახურულ ჯიხურშია შეყუჟული. - გაუმართლათ. ან ძველები არიან.
ამათ კიდე ლურჯი ცელოფნები აქვთ დაფენილი მიწაზე, ან მაგიდის სუფრები. კუთხეებში ქვებით. დასამძიმებლად.
ქარს ვერ იტანენ. უცებ წამოუბერავს და. მიაქვს გახუნებული მაქმანები. სატელეფონო წიგნაკი. თარგები. გახსოვთ? კერვის შემსწავლელი წიგნები რომ იყო. უზარმაზარ შლიაპიანი ქალები რომ ეხატა. შუაში ექვსად გადაკეცილი ქაღალდით. ეგ თარგები მიაქვს ხოლმე ქარს.
გამოყენებული ფირებიც. ტრამვაის ბილეთები. რუსული რუბლი. კუპონი.

 



აქ ებიც უყვართ. ანუ, ხშირად მოვდივართ. ამათ უფრო შვილიშვილები ჰყავთ ამ ხნის.
ხელიდან ხელში გადაჰყავთ ები. ფერადი მძივებით ამხიარულებენ. ესეც რომ უცინის, ხელები უთბებათ. თვალებში - შუქი.



თამარა ბებო. ეს მარინა. იქ ელზა, ელიჩკა ბებოს ვეძახით. ემალის პაატარა ჭიქა აჩუქა ების. ები ჩემი შვილია



აქ სათამაშოებიცაა. ბევრი.  ნასუფრალივით სათამაშოები. - უცხვირო ბურატინო. ცალთვალა მურია. ჟანგიანი ბზრიალები. ნაძვის ხის სათამაშოები. რა ჯადოსნური ფერებით ლივლივებდა შობის ღამეები! ბრჭყვიალა ვარდისფერი. ცისფერი. საბჭოთა ელვარე ვარსკვლავები. საშობაო ნათურები ვიყიდეთ ერთხელ. ხუთი ლარი ღირსო, ბოდიში მომიხადა, მუშაობსო, თორე...


ემალის ჭიქები. ნახატებიანი. ციყვი და ზღარბი. გაცრეცილი სოკო.
წითელი, თეთრკოპლებიანი ფინჯნები.
რეზინა.
ღამის ქოთანი.
რუსულ-ქართული ლექსიკონი.

 


ლამფები. მაშინ ყველაფერს ამ ლამფების სუნი ჰქონდა. ტანსაცმელებს, ოთახის შპალერს, მაგიდის გადასაფარებელს. ანუ ნავთის და ცოტაც კვამლის, სიმწარისთვის.





ახლახან მარტო წავედი. რაღაც დამჭირდა
ქარი დამხვდა. და ერთადერთი მოხუცი კაცი.  
და ლითონის მილზე დაკიდებული ჭაღი ირწეოდა. წკარუნით.
ამინდის პროგნოზი წინა დღეს გამოაცხადეს.




Friday 12 January 2018



"აბა რა გეგონა?!"

როცა აუცილებლად სათქმელ სიტყვებს ვყლაპავდი, რადგან არ იყვნენ გარშემო ადამიანები, რომლებიც მომისმენდნენ, არ იყო დრო, და ენერგია საამისოდ. სულ ვფიქრობდი, რომ აუცილებლად დავწერდი იმ ერთ წელზე, რომელიც დაღმართზე მთელი ძალით სირბილს გავს. ყველა ემოცია რომ ერთმანეთში ითქვიფება და ისე სწრაფად ცვლის ერთი მეორეს, რომ აღქმას ვერ ასწრებ.

დავწერ მხოლოდ ცუდზე, რომელიც ბევრია, რომელზეც ლაპარაკი არ შეიძლება, რადგან "ღმერთს აწყენინებ", "ბავშვის გაჩენა აბა რა გეგონა", "ასეთი ბავშვი გყავდეს და წუწუნებდე", რადგან არ არსებობს "მაგრამ" და არ არსებობს "მე".
კარგზე კი ყველამ საკმარისად იცის. ამაზე ვლაპარაკობთ სტუმრებთან, უცხოებთან, ფეისბუქზე... კარგ ამბებს კაშკაშა ფოტო-ფილტრებით ვიღებთ და ვაქვეყნებთ. "ვიბანავეთოოო", "დავიძინეთოოო", "ბებო გვიყვარსოო"...
მძიმე და ძნელად ასატან ამბებზე ლაპარაკი მკრეხელობაა.

ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ალტრუისტული დამოკიდებულება ყველაზე არაჯანსაღი რამაა ნებისმიერ ურთიერთობაში, მაგრამ ორმაგად დამანგრეველია მშობლის და შვილის შემთხვევაში.მშობლები, რომლებმაც ბავშვის დაბადების წუთიდან საკუთარი თავი სადღაც შეჩურთეს, ყველაფერს უთხრეს უარი, შვილის კეთილდღეობის სანაცვლოდ ჩირგვში ჩავიდნენ (ზოგჯერ ამის საჭიროება არც არის), ბოლოს აღმოჩნდნენ სრული ბანკროტის წინაშე.
არავის ჭირდება ასეთი ზღვარგადასული თავგანწირვა, მით უფრო ბავშვებს, რომლებისთვისაც ეს აუცილებლად იქცევა ტვირთად."მე შენ გამო ყველაფერზე უარი ვთქვი. "მე შენი გულისთვის სამსახურს დავანებე თავი, მეგობრებს დავშორდი, სახლში დავჯექი." "რაც მე ღამეები მითენებია, სკამზე ჩამძინებია, ქათმის ფრთას ვჭამდი, რომ ბარკალი შენ შეგხვედროდა". ეს "მესიჯები" უთქმელადაც მუდმივად იგრძნობა, ან უარეს შემთხვევაში, ჩაესმით ბავშვებს და წლობით ილექება მათ გონებაში. ეს ტვირთია, ცალსახად.

მამაჩემის შემყურე, რომელიც დილის რვიდან ღამის პირველ საათამდე შეუსვენებლად მუშაობდა, აუტანელ სიცხესა თუ ყინვაში გამომუშავებული ფულით იხდიდა ჩემი სწავლა-განათლების თუ მეგობრების დაბადების დღეებისთვის სავალდებულო საჩუქრების ფულს, და არასდროს საკუთარი ნებით არ უყიდია თბილი პალტო კი არა, საყვარელი ლუდიც კი. ამიტომაც, მე მთელი ცხოვრება მქონდა ურყევი  ვალდებულების განცდა, რომ აუცილებლად უნდა ვყოფილიყავი კარგი გოგო.
კარგი გოგოობის კომპლექსი მშობლების თავდაუზოგავი შრომის რაღაც დოზით კომპენსირების სურვილია. მძიმეა.

ისევ იმ ერთ წელს მივუბრუნდები, დედობის პირველ წელს და აუცილებლად დავიწყებ იმით, რომ როცა ები დაიბადა და პირველად დავინახე, ციდან სინათლის სვეტი არ დაშვებულა და როგორც ამბობენ, მაშინ არ მისცემია ჩემ ცხოვრებას აზრი. ჰქონდა მანამდეც. და არასდროს არავის დავუჯერებ, რომ ერთ წამში იცვლება სამყარო. ეჭვგარეშე, ეს იყო ძალიან დიდი სიხარული, მაგრამ ადამიანის აღქმა და შეყვარება ხდება ნელ-ნელა, გააზრებულად, ურთიერთობით. - ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში.
თან, მაშინ თავში მქონდა სრული ქაოსი - შიშები, ახალი შეგრძნებები, ცხოვრების ძველი წესის დათმობის სევდა, ბონუსად - ფიზიკური ტკივილი.

არიან ადამიანები, რაღაცნაირად, დიდი ხნით ადრე, შინაგანად რომ მზად არიან დედობისთვის. ოთხი საათით გაბმულად მტირალი ბავშვის დაშოშმინება რომ წარბშეუხრელად შეუძლიათ. ზოგისთვის ერს ბედნიერებაც კია. მე სხვაგან ვიყავი. სადღაც ტყე-ღრეში, კარვით და დიდი ბათინკებით მოხეტიალე გოგო უცებ აღმოვჩნდი ბავშვის საწოლთან. უამრავი ჭრელი ნაჭრის, საწოვარების, ტაშტების და ჟღარუნების ალყაში.
ეს იყო ზღვიდან ბასეინში თავის ამოყოფის ეფექტი.

და ძალიან მჭირდებოდა დღეში თუნდაც ნახევარი საათი იმისთვის, რომ ჩამოვმჯდარიყავი სადმე უბავშვებო, უადამიანებო სკვერში, ან ცარიელ, სრულიად უავეჯო ოთახში. ეს იყო ძალიან აუცილებელი ნახევარი საათი, პირადი სივრცის შესათვალიერებლად, შემოსახაზად. ძალიან მჭირდებოდა ხუთი წინადადების ბოლომდე, წყვეტის გარეშე ამოთქმა, ან მიწერა, რადგან რაღაც სიტყვები აუცილებლად, აუცილებლად უნდა გაიტანო შენგან. მერე ყარს.
და ამ სიტყვების ჩაქცევის გამო, სხვების სრულიად ზედმეტი რჩევების, საკუთარი თავის გაქრობამდე დაპატარავების და უსუსურობის, მარტოობის განცდის გამო ვტიროდი ძალიან ბევრს. ბევრს და ჩუმად.
იმის გამოც, რომ არ აღმოვჩნდი ისეთი კარგი დედა, როგორებიც მინახავს.

და აუცილებლად მჭირდებოდა ადამიანი, რომელიც უკვე მყავდა და ძალიან მეიმედებოდა, რომ ამ სიმძიმის ზუსტად ნახევარს თავის მხრებზე გადაიტანდა. რომელიც ჩემსავით გადადებდა ყველაფერს, დროებით, რომ ამ ყველაზე მძიმე წელს არ გავესრისეთ. ყველაფერი შეგვრჩენოდა და გავსულიყავით ფონს, უდანაკარგოდ.მაგრამ მან ეს არ გააკეთა, იმიტომ რომ დაეზარა, იმიტომ, რომ "გასდიოდა". იძინებდა, როცა ეძინებოდა. თამაშობდა, როცა მოიწყენდა. ჭამდა, როცა შიოდა.რა თქმა უნდა, არც მხართეძოზე წამოწოლილა, აჩიკო (ხანდახან) გადასარევად ასერინებდა ბავშვს , მიჰყავდა ექიმთან, უცვლიდა პამპერსს, აბანავებდა, მაგრამ ყველაზე გულისწამღები და ტვინის წამლეკავი საქმეები რჩებოდა ჩემს ანგარიშზე.
ეს გამეტებაა.
და მე ამ წყენას ვერასდროს ვერაფერს მოვუხერხებ.

და ნურასდროს გამოიყენებთ სიტყვებს "ქმარი დამეხმარა ბავშვის გაზრდაში". სწორი ფორმაა - "მან შეასრულა თავისი მოვალეობა". არავითარი მადლობა და ტაშისკვრა ამისთვის საჭირო არ არის.

ძალიან ცოტა ფიქრობს იმაზე, რომ დადებითი ემოციაც შრომაა ჩვენი გონებისთვის. მე ისე ვიღლებოდი, რომ ტკბილი წუთების შერგების თავი აღარ მქონდა, არ მქონდა რესურსი და პოზიტივის გადამუშავების უნარი.
მიუხედავად იმისა, რომ შემეძლო ერთი ძალიან კარგი ნათია-გოგოსთვის (რომელიც ძალიან დამეხმარა) შემეტოვებინა ყველაფერი და თუნდაც ორი საათით წავსულიყავი საყვარელ კაფეში, პარკში, ან მომეწესრიგებინა თავი, მეყიდა ლამაზი კაბა, არცერთი მათგანის სურვილი არ მქონდა, რადგან ამ სურვლების ადგილი მთლიანად ამოქოლა ჩემში ების ტირილის შიშმა და ხმამ.

ცალკე ჯოჯოხეთი იყო ძუძუთი კვება ერთი წლის მანძილზე და ძუძუზე მანიაკალურად დამოკიდებული ების პრეტენზიები საკვებთან დაკავშირებით. 1 წლის მანძილზე მას ღამე გადაბმულად 2 საათი არ უძინია. არცერთხელ. ეძინა ყველას, ჩემ გარდა. ებისაც. - ჭამდა მძინარე.

ასეთ დროს ყველაზე მეტად გინდა, გითხრან: "ცოტაც გაუძელი", ახლა მე მივხედავ, შენ დაიძინე." "მე აქ ვარ, შენთან". "ჩაგიხუტებ და გაგივლის". "ხომ არ გეტირება?" "მარტო ხომ არ გრძნობ თავს? მეც აქ ვარ."
მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად საკუთარ თავს ვამყარებ იმ აზრით, რომ არასდროს არავისზე დაყრდნობილმა არ უნდა იარო, მაინც, ამ 14 თვის მანძილზე მთელი არსებით ველოდებოდი, რომ მარტოობის ამ საშინელი განცდის მოშორებას ვინმეს დახმარებით შევძლებდი.

ასევე საჯაროდ მინდა, ვაღიარო ისიც, რომ ების შუაღამე უმიზეზოდ ტირილის დროს, როცა ძალიან მეძინებოდა და ორ საათში სამსახურში უნდა წავსულიყავი, რამდენიმეჯერ გავუბრაზდი და ხმამაღლა მოვთხოვე, გაჩუმებულიყო. ტრაკზეც მივარტყი. ნამდვილად ასე იყო!და ამ დროს ჭკუის სწავლება, რომ "პატარაა, ჯერ არ იცის და როგორ უბრაზდები", სრულიად უადგილო და გულისამრევად პათეტიკურია, რადგან იმ პატარის ენა ყველაზე კარგად მე მესმის, და თეორიულად ვიცი, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაგექცეს ნებისყოფა ამ დროს, რადგან იმ დატუქსვით იმაზე მეტ ზიანს მიაყენებ ბავშვს, ვიდრე უძილობა ან უმიზეზოდ ტირილია.
მაგრამ თეორია რჩება ცალკე, როცა გიჟდები, როცა ამდენი ადამიანი, ამდენი რჩევა, ხმები ყველა მხრიდან, უძილობა, მუდმივად მოჭიმულ და ჩასაფრებულ პოზიციაში ყოფნა, ვალდებულებები, გრაფიკები, დედლაინები, ქაოსი, საგნებიც კი ერთად ირაზმებიან და პირდაპირ შენკენ მოდიან. ამ დროს ჰაერი საშინლად მძიმდება, ჟანგბადი ვეღარ მიდის ტვინამდე და თავის ქალა ფეთქდება.

ამბობენ, ერთი წელი უნდა გაიჭირვო, მერე შემსუბუქდებაო. კალენდარული სიზუსტით, ების დაბადების დღის მეორე დილას აღფრთოვანებული წამოვფრინდი ლოგინიდან, რომ სუფთა ჰაერივით ახალი ცხოვრებისთვის გამეღო კარი, მაგრამ არც ასე ხდება. სიმსუბუქე მოდის იმდენად შეუმჩნევლად, რომ ხანდახან ვერც კი გრძნობ. და მივხვდი, უბრალოდ, ამ ხან ნათელ და ხან დაბურულ გვირაბში ნელ-ნელა უფრო მკაფიოდ ისმის ხმა. ების ხმა. უფრო იკვეთება მისი სხეულის კონტურები. გაუგებარი ხმოვნებით და ხელებით რაღაცის გაგებინების მცდელობა.
 ანუ, "არის კონტაქტი!"

კარგია, რომ ვთქვი. დავწერე. და სანამ ები კითხვას ისწავლის, აუცილებლად წავშლი, რადგან როცა მასზე თავდაუზოგავად ვზრუნავ, საკუთარ თავს პირობას ვაძლევ, რომ მას ამის საკომპენსაციოდ არასდროს არაფერს მოვთხოვ. ჩემი გემოვნებით მაისურის ყიდვასაც კი. :)

რაც ყველაზე მეტად მინდა, არასდროს წამომცდეს: "მე შენ გამო ისეთები მიკეთებია, შენ კი...."

აუცილებლად ვივლით კარვებით და დიდი ბათინკებით ტყეში, ჩვენ სამნი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასაც ეყვარება ხეები და მთები. თუ არ, მაშინ, სხვა რამეს თვითონ მოიფიქრებს.